ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მმართველმა გუნდმა აქცენტი საქმეზე უნდა გააკეთოს და იმუშაოს.
ამასთან, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ოპოზიციისთვის არჩევნებში დამარცხება რთულად მისაღები იყო, თუმცა, "არჩევნებში რვაჯერ დამარცხება ბევრ რამეს ნიშნავს".
"ჩვენი ხალხის წინააღმდეგ უამრავი გამოწვევაა - უმუშევრობა, სიღარიბე, პანდემია, ოკუპაცია. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი.
მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ასევე კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როცა რვაჯერ ხალხი გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს. ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის". - თქვა ღარიბაშვილმა.
***
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.
არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე".
ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას.
ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.